რამაზ აბესაძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა
- თსუ
- აგვისტო 1, 2022
- 343
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობისთვის თსუ-ის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი რამაზ აბესაძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
უამრავი ჯილდოს, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის, პაატა გუგუშვილისა და ილია ვეკუას მედლების მფლობელისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედალი ყველაზე ძვირფასი აღმოჩნდა. ამბობს, რომ ეს მისი საქმიანობის შეფასებაა და, გარდა ღირსების შეგრძნებისა, დიდ ვალდებულებასაც აკისრებს – იშრომოს მეტი იმ უნივერსიტეტისთვის, რომელთანაც ორგანულადაა დაკავშირებული საქართველოში მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და, საერთოდ, საზოგადოებრივი განვითარების პროცესები.
რამაზ აბესაძემ სამეცნიერო საქმიანობა დარგობრივი და გარემოს დაცვის პრობლემების შესწავლით დაიწყო – ამ პრობლემებზე გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, ბოლო 20 წელი კი ეკონომიკური განვითარების პრობლემების კვლევას მიუძღვნა და უკვე ამ მიმართულებით 3 მონოგრაფიის ავტორია. მისთვის ეკონომიკა არის საქმიანობის სფერო, რომელიც ყველაზე მეტადაა დაკავშირებული საზოგადოების კეთილდღეობასთან და დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ პროგრესზე. სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა ამ სფეროს არჩევა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ აქტიურად ჩაერთო იმ თემატიკის კვლევაში, რომელიც, საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებდა საზოგადოების განვითარების ურთულეს პროცესებზე.
200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 9 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი დღეს კიდევ ერთ მონოგრაფიაზე მუშაობს, რომელშიც დამუშავებული იქნება „ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური რეგრესის თეორია“. მისი სტატიების მნიშვნელოვანი ნაწილი ინდექსირებულია — ERIH-ში, Scpus-ში და Google scholar-ში.
რამაზ აბესაძის ნაშრომებში ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკური განვითარების, „მწვანე“ და „წრიული“ ეკონომიკის პრობლემებს, კერძოდ: გამოკვლეულია ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის განსხვავება და ურთიერთდამოკიდებულება; დახასიათებულია კავშირი ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკური სისტემის ელემენტებს შორის; გამოვლენილი და შესწავლილია ეკონომიკურ განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები; შემოთავაზებულია ეკონომიკური განვითარების ინდიკატორთა სისტემა;
მის კვლევებში გამოყოფილია ინდიკატორთა ოთხი ჯგუფი: ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და თვისებრივი; გამოვლენილია ეკონომიკური განვითარების თავისებურებები განვითარებად, განვითარებულ და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში; დიდი ადგილი ეთმობა პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პრობლემების განხილვას საქართველოში; გაკეთებულია დასკვნა იმის შესახებ, რომ ეკონომიკური განვითარება შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებისკენაც იყოს მიმართული (რასაც ავტორი „ეკონომიკურ კლებას“ უწოდებს და ასაბუთებს შესაბამისი არგუმენტებით);
რამაზ აბესაძის მიერ გამოთქმულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ დღეისთვის განვითარებულ ქვეყნებში „ინფორმატიზაციის ეპოქა“ მთავრდება და იწყება „მოაზროვნე ტექნოსფეროს“ („Thinking Technosphere“) ეპოქა. მეცნიერს შემოთავაზებული და დახასიათებული აქვს ადამიანისეული კაპიტალის ძირითადი ელემენტები, მათ შორის: ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე; გონებრივი და ფიზიკური უნარი; ჩვევები (პროფესიული და ინსტიტუციური); გამოცდილება (პროფესიული და ცხოვრებისეული); ცოდნა (პროფესიული და ზოგადი); მოტივაცია და სხვა;
მანვე დაამკვიდრა ტერმინი „კონსოლიდირებული ეკონომიკა“. მეცნიერის აზრით, კონსოლიდირებული ეკონომიკა არის ისეთი ეკონომიკა, რომელზეც მოქმედ ფაქტორთა ერთობლიობა ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას; სხვადასხვა ნაშრომში გამოკვლეული აქვს „ინოვაციური ეკონომიკის“ ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების გამოცდილება ევროკავშირში და განსაზღვრულია საქართველოში ინოვაციური პოლიტიკისა და ინოვაციური სისტემის გაძლიერების ძირითადი მიმართულებები.
რამაზ აბესაძის მიერ ეკონომიკურ ლიტერატურაში პირველად ჩამოყალიბდა „ეკონომიკური რეგრესის თეორია“, სადაც ახსნილია მისი არსი, წარმოშობის წყაროები, გამოვლინების ფორმები და თავიდან აცილების გზები.
გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, რამაზ აბესაძე აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესშიც. საქართველოში მან პირველად შემოიტანა და უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, მაკროეკონომიკის კათედრის მაშინდელი გამგის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მხარდაჭერით, დანერგა სასწავლო დისციპლინა — „ეკონომიკური განვითარება“. ასევე შემოღებულ იქნა სასწავლო დისციპლინები — „ეკონომიკური განვითარება“ (ბაკალავრებისათვის) და — ეკონომიკური განვითარების თეორია“ (მაგისტრანტებისათვის).
რამაზ აბესაძე არის საერთაშორისო ანალიტიკური ჟურნალის „ეკონომისტის” და „პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულის” დაარსების ინიციატორი და მთავარი რედაქტორი.
იგი 2008 წლიდან ხელმძღვანელობს თსუ-ის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტს, რომელმაც გონიერი და კარგი მენეჯერის ხელში არაერთ წარმატებას მიაღწია, თუმცა რამაზ აბესაძე ამას მხოლოდ საკუთარ დამსახურებას არ მიაწერს, ამბობს, რომ ყველაფერი ინსტიტუტის თანამშრომელთა თავდაუზოგავი შრომის და ერთიანობის შედეგია: „საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ადამიანის საქმიანობის ყველა სფერო კრიზისმა მოიცვა, ამას ემატებოდა სახელმწიფოს მხრიდან ცალკეული მეცნიერისადმი და, საერთოდ, მეცნიერებისადმი არასწორი დამოკიდებულება. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია დაემთხვა ჩემი ინსტიტუტის ხელმძღვანელად ყოფნის დროს. მიყოლებით იხურებოდა ინსტიტუტები (მაგალითად ეკონომიკის პროფილის ყველა ინსტიტუტი გაუქმდა, გარდა ჩვენი ინსტიტუტისა), რჩებოდნენ შენობების გარეშე, საგანგაშოდ მცირდებოდა მეცნიერთა რაოდენობა, სამსახურიდან ათავისუფლებდნე მოწინავე მეცნიერებს, ყველაზე მცირე ხელფასი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ მეცნიერებს და ამ რთულ სიტუაციაში ჩვენ ინსტიტუტი და შენობაც შევინარჩუნეთ, რაც კარგი მუშაობის შედეგი იყო“, – ასე აფასებს იგი განვლილ წლებს.
დღევანდელი გადასახედიდან ვერც კი იფიქრებ, რომ წარმატებული მეცნიერი სხვა სფეროში შეიძლებოდა მოხვედრილიყო, მაგრამ თურმე ეკონომიკის მეცნიერება ბეწვზე გადარჩა, რომ რამაზ აბესაძე ქართულ ფილოლოგიაში არ დამკვიდრდა. ბავშვობიდან უყვარდა ლიტერატურა და უნდოდა ფილოლოგი გამოსულიყო. განსაკუთრებით მოსწონდა და დღემდე მისი ფავორიტი მწერლებია ქართველი პროზაიკოსებიდან კონსტანტინე გამსახურდია და ჭაბუა ამირეჯიბი, პოეტებიდან გალაკტიონი, ლადო ასათიანი, იოსებ ნონეშვილი, ოთარ ჭილაძე. უცხოელი პროზაიკოსებიდან და პოეტებიდან ახლაც ინტერესით კითხულობს თომას მანს, ბალზაკს, ტურგენევს, პუშკინს, ომარ ხაიამს, ესენინს… გატაცებულია სპორტით და თბილისის „დინამოსთვის“ არასოდეს უღალატია – დღემდე მისი გულშემატკივარია, თუმცა ბოლო დროს რაგბიმაც გაიტაცა და ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშს…
მეცნიერმა დიდი და საინტერესო ცხოვრება განვლო და მისი შეფასებისას ახლობლებისა და მეგობრების თანადგომას მადლიერებით იხსენებს. განსაკუთრებით გამოყოფს თავის ლექტორს – პროფესორ პლატონ კოღონიას, მკაცრ და პრინციპულ, მაგრამ სამართლიან პედაგოგს და სიყვარულით საუბრობს ინსტიტუტის დირექტორებზე – პაატა გუგუშვილზე, ავთანდილ გუნიაზე, ვლადიმერ პაპავასა და გიორგი წერეთელზე, რომელსაც უახლოეს მეგობარსაც კი უწოდებს.
განვლილ ცხოვრებაში არაფერს ნანობს, მადლიერი ადამიანია და ყველა იმ პიროვნებას უმადლის, ვისაც კი ოდნავი სიკეთე გაუკეთებია მისთვის. მეუღლის დაკარგვით გამოწვეულ სევდას ახლა ერთადერთი ვაჟი უმსუბუქებს – სიკეთით, სიყვარულით, ნიჭიერებით სავსე ადამიანი, რომელსაც ცხოვრების გამართლებას უწოდებს.
რაც შეეხება უნივერსიტეტის ოქროს მედალს, მისი აზრით, ეს მწვერვალია, რომლამდეც გარჯითა და წვალებით მივიდა. შრომის გარეშე არაფერი მიმიღიაო — ამბობს და მადლიერია იმ ადამიანების, რომლებმაც მთელი ცხოვრების ძალისხმევა ესოდენ მაღალი ჯილდოთი შეაფასეს.